ტატუ, როგორც კანის მეხსიერება და რელიგიური დოგმები: ტატუს ფარული ისტორია და ფსიქოლოგია

ტატუ, როგორც კანის მეხსიერება და რელიგიური დოგმები: ტატუს ფარული ისტორია და ფსიქოლოგია

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

0

(0)

297

გაზიარება:

17.08.2026

მოკლე აღწერა

ტატუ სხეულის მოდიფიკაციის უძველესი ფორმაა, რომლის დროსაც კანქვეშ მუდმივი ნახატი ან სიმბოლო იქმნება. ადამიანებმა ის პრაქტიკული, სოციალური და კულტურული დანიშნულებით შექმნეს. უძველეს ტომებში ტატუ სტატუსისა და იდენტობის აღნიშვნა იყო, რომელიც მიუთითებდა ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, ტომის კუთვნილებაზე, ასაკზე ან მამაცობაზე.

ტატუ, როგორც კანის მეხსიერება და რელიგიური დოგმები: ტატუს ფარული ისტორია და ფსიქოლოგია

.​ტატუს საწყისები და ძველი სამყაროს ფუნქციონალური დატვირთვა

​ტატუ სხეულის მოდიფიკაციის უძველესი ფორმაა, რომლის დროსაც კანქვეშ მუდმივი ნახატი ან სიმბოლო იქმნება. ადამიანებმა ის პრაქტიკული, სოციალური და კულტურული დანიშნულებით შექმნეს. უძველეს ტომებში ტატუ სტატუსისა და იდენტობის აღნიშვნა იყო, რომელიც მიუთითებდა ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, ტომის კუთვნილებაზე, ასაკზე ან მამაცობაზე. მას რელიგიურ და სულიერ დაცვასაც აკუთვნებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ის მფარველი თილისმა იქნებოდა ბოროტი სულებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ უძველეს დროში ტატუს ხშირად სამკურნალო მიზნით, აკუპუნქტურის მსგავსად იყენებდნენ ტკივილისა და სახსრების განსამუხტავად.

.​ქართული მთიანეთის სვირინგები: წაურთმეველი იდენტობის ფარი

​კავკასიისა და საქართველოს მთიანეთში ტატუირების ტრადიციას ღრმა ფესვები აქვს, რომელიც ძირითადად ქალთა ტრადიციას წარმოადგენდა. მთიანეთში ტატუებს პირველ რიგში აპოტროპეული ანუ დამცავი მაგიური ფუნქცია ჰქონდა. შუბლზე, ლოყებზე, ნიკაპსა და მაჯებზე ძირითადად მკაცრი გეომეტრიული ფიგურები, ხაზები, წერტილები, მზის ნიშნები და ჯვრისებრი სიმბოლოები გამოისახებოდა, რაც კავკასიური ხალიჩებისა და ძველი ნაქარგების ორნამენტებს ჰგავდა. როდესაც მტერი შენს სახლს ანგრევდა და ყველაფერს მატერიალურს გართმევდა, სხეულზე ამოტვიფრული კოდი იყო ერთადერთი რამ, რისი წართმევაც არავის შეეძლო. მტრის შემოსევების დროს სხეულზე გამოსახული ჯვარი ერთგვარი თანდაყოლილი პასპორტი იყო, რომელიც ვინაობას, გვარსა და რწმენას ამტკიცებდა და ინახავდა, ხოლო ქალებისთვის ეს ფიზიკური სხეული, როგორც ბოლო თავშესაფარი, შინაგანი ჯავშანი გახლდათ.

.​რელიგიური დოგმები და პარადოქსები: სხეული, ტაძარი და მირონცხების საიდუმლო

​ქრისტიანულ სარწმუნოებაში ტატუს უარყოფა ბიბლიურ მითითებებს, სხეულის როგორც სულიერ ტაძრად აღქმას და წარმართულ ტრადიციებთან მის კავშირს ეფუძნება. ლევიანთა წიგნი კრძალავს სხეულის გაკაწვრასა და ტატუს დაწერას, რაც ისტორიულად წარმართულ რიტუალებსა და გლოვას უკავშირდებოდა. თეოლოგიური პოზიციით, სხეული ღმერთმა გვასესხა და ჩვენ მისი მმართველები და მცველები ვართ, ამიტომ მისი შეგნებული დაზიანება მიუღებელია. თუმცა იბადება ლოგიკური კრიტიკა — რატომ ითვლება პრობლემად სხეულის მოხატვა, როცა რელიგიური ნაგებობები იგივე ტაძრები ფრესკებითა და ხატებითაა სავსე?

​ამ ორ მოვლენას შორის თეოლოგიური ზღვარი იმაშია, რომ სხეული არ არის კერძო საკუთრება, ხოლო ტაძრის მოხატვა თაყვანისცემის ვიზუალური გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ კოპტი ქრისტიანები და ბოსნიელი კათოლიკეები მაჯაზე პატარა ჯვრის ტატუს იდენტობისა და სარწმუნოების დასაცავად იკეთებდნენ, ოფიციალური ეკლესია კანის დაზიანების გამო გამოხატვის ამ მეთოდს მაინც გმობს.

​სხეულზე ჯვრის დახატვა არ არის ინდულგენცია, რადგან ფორმასა და შინაარსს შორის წყვეტაა — მატერიალური ნიშანი ვერ ჩაანაცვლებს ზნეობასა და შინაგან რწმენას. ეს იდეა მკვეთრად უკავშირდება მირონცხების საიდუმლოს, რომლის დროსაც ადამიანის სხეულზე უხილავად, სულიერად გამოისახება წმინდა სიმბოლო და სულიწმიდის ბეჭედი დაედება. ხილული, ხელოვნური ტატუს დატანა ამგვარად განიხილება როგორც უხილავი, ღვთაებრივი მადლის მატერიალიზაციისა და ადამიანური თვითნებობის მცდელობა, პრინციპით — მიწამე მე და ვერ მხედავდე.

.​საბჭოთა მემკვიდრეობა, მასობრივი აზრი და კულტურული წყვეტა

​დღევანდელი მასობრივი აზრის აცდენა რეალობასთან და ტატუს მიმართ არსებული სტერეოტიპები საბჭოთა წარსულითა და კულტურული წყვეტით არის განპირობებული. საბჭოთა ეპოქაში სვირინგი მკაცრად მიაკუთვნეს კრიმინალურ სამყაროსა და პატიმართა სუბკულტურას, რამაც მოსპო მისი ისტორიული და ეთნოგრაფიული მეხსიერება. რადგან კომუნიზმმა ეკლესიაც აკრძალა, საბოლოოდ ერმა რელიგია და დოგმები ეროვნული იდენტობის გადარჩენის ბოლო ბასტიონად და „არაფორმალურ დროშად“ აქცია, რამაც გამოიწვია ის, რომ ეკლესიის მიმართ აკრძალვები შეინარჩუნეს. თუმცა, ინდივიდუალიზმზე ჯოხი გადატყდა იმის გამო, რომ საბჭოთა კოლექტიური წესრიგისა და მასის შინაგანი ცენზორი არ პატიობდა განსხვავებულობასა და თვითგამოხატვას. საზოგადოებამ ტატუ ავტომატურად უცხოდ და მიუღებლად შერაცხა, და ამის ფონზე საკუთარი წინაპრების ტრადიციები სრულად დაივიწყა.

.​ტატუს ორმაგი ბუნება: სუბკულტურა, ამბოხი და ფსიქოლოგიური ბორკილი

​მიუხედავად იმისა, რომ ტატუსა- და ტატუს არამატარებლებს შორის აგრესია ორმხრივია, კონსერვატიული მასის მხრიდან მომავალი ზიზღი და სტერეოტიპები რაოდენობრივად და სიღრმისეულადაც შეუდარებლად მეტია. ზედაპირული აღქმით ტატუ არის კულტურის, ისტორიისა და ამბოხის ნაწილი, ასევე თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლო. თუმცა, ფსიქოლოგიურ ჭრილში ის რეალურად ბორკილია. ტატუ მეხსიერების მუდმივობის გამოხატვაა, სადაც ადამიანი კანზე იტვიფრებს წარსულს, ტკივილს, გარდამტეხ მომენტს თუ დაკარგვის შიშს. ამდენად, ის თავისუფლების ილუზიაზე მეტად, საკუთარ წარსულთან და ტრავმასთან მიჯაჭვვის მუდმივი მექანიზმია.

. რა არის რეალურად ტატუ და რატომ წარმოშობს ის პრობლემას

​მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ ტატუ უბრალოდ ჰაეროვანი თავისუფლება და თვითგამოხატვაა, რეალურად, როგორც ზემოთ ვთქვი, ის მძიმე ფსიქოლოგიური ბორკილი და კანზე ამოტვიფრული მუდმივი მეხსიერებაა. ის არის ადამიანის მცდელობა, სამუდამოდ შეინარჩუნოს წარსული, ტკივილი, ტრავმა ან დაკარგვის შიში, რაც მას საკუთარ განვლილ გზასთან მიჯაჭვის მექანიზმად აქცევს.

თუმცა ტატუს მიმართ აგრესიის ​მთავარი პრობლემა საბჭოთა წარსულით განპირობებული კულტურული მეხსიერების წყვეტა და მისი შეცვლაა, ისტორიული მეხსიერების წაშლა და მასობრივი აზრის ღრმა აცდენა რეალობასთან. საზოგადოება, ერთ მხრივ, ინარჩუნებს საბჭოთა პატიმართა სუბკულტურიდან წამოსულ კრიმინალურ სტერეოტიპებს და რელიგიურ დოგმებს, რომელთა ფონზეც ტატუ მიუღებელ თვითნებობად და სხეულის დაზიანებად ინათლება, ხოლო მეორე მხრივ, სრულად ივიწყებს საკუთარ ეთნოგრაფიულ წარსულს — იმას, რომ მთიელი წინაპარი ქალებისთვის შუბლზე ამოტვიფრული ჯვრები სწორედ გადარჩენისა და უძრავი იდენტობის დამცავი ჯავშანი იყო. და ამ ყველაფერს ამყარებს რელიგიური მორალიც, რომ ტატუირება ცოდვასთან ასოცირდება და არა თავისუფალი ნების თვითგამოხატვასთან.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze