შინაური ცხოველების ძალა
მოკლე აღწერა
ადამიანისა და ცხოველის ახლო ურთიერთობა სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ასე რომ იყოლიეთ შინაური ცხოველი, მიეცით სითბო და სიყვარული რომელიმე მიუსაფარ არსებას :)
ადამიანისა და ცხოველის ახლო ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
შინაური ცხოველის უპირობო სიყვარულს შეუძლია მეტი გააკეთოს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. შინაურ ცხოველებს შეუძლიათ თქვენი სხვადასხვა საკითხში დახმარება, სტრესის შემცირება, გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ბავშვების ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაში დახმარებაც კი.
მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, თუ რა პოტენციური სარგებელი მოაქვს თქვენი ფსიქიკური ად ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა ცხოველთან ურთიერთობას, - თევზებიდან დაწყებული ზღვის გოჭებით, ძაღლებითა და კატებით დამთავრებული.
ცხოველებთან ურთიერთობა ამცირებს კორტიზოლის (სტრესთან დაკავშირებული ჰორმონის) დონეს და არტერიულ წნევას. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველებს შეუძლიათ შეამცირონ მარტოობს შეგრძნება, გაზარდონ სოციალური მხარდაჭერის გრძნობა და გააუმჯობესონ განწყობა.
ცხოველებს ასევე შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ბავშვის განვითარებაზე. ისინი განსაკუთრებით კარგად ეგუებიან აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებს.
„არ არსებობს ერთი პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია შინაურ ცხოველს დაეხმაროს ადამიანს კონკრეტული მდგომარეობაში“, - განმარტავს დოქტორი ლეილა ესპოზიტო, რომელიც ხელმძღვანელობს NIH-ის ადამიანსა და ცხოველს შორის ურთიერთქმედების კვლევის პროგრამას. „თქვენი მიზანი ფიზიკური აქტივობის გაზრდაა? მაშინ ძაღლის ყოლა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს. ძაღლის დღეში რამდენჯერმე გასეირნება მოგიწევთ და ფიზიკურ აქტივობასაც გაზრდით. თუ თქვენი მიზანი სტრესის შემცირებაა, ზოგჯერ თევზის ცურვის ყურება სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს. ასე რომ, არ არსებობს ერთი ტიპი, რომელიც ყველას ერგება.“
NIH აფინანსებს მასშტაბურ კვლევებს, რათა გაარკვიოს, რამდენ შინაურ ცხოველთან ერთად ცხოვრობენ ადამიანები და როგორ უკავშირდება მათი ურთიერთობა მათ ჯანმრთელობას.
„ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ცხოველთან ურთიერთობის სუბიექტური ხარისხი - კავშირის ის ნაწილი, რომელსაც ადამიანები ცხოველებთან გრძნობენ - და როგორ აისახება ეს ჯანმრთელობის ზოგიერთ სარგებელზე“, - განმარტავს დოქტორი ჯეიმს გრიფინი, NIH-ის ბავშვის განვითარების ექსპერტი.
ცხოველები ეხმარებიან ადამიანებს
ცხოველებს შეუძლიათ საჭირო მომენტში ადამიანისთვის ნუგეშის ცემა და მხარდაჭერის გამოვლენა. სპეციალურად თერაპიისთვის გაწვრთნილი ძაღლები კი განსაკუთრებით კარგად ახერხებენ ამას. ისინი ზოგჯერ საავადმყოფოებში ან მოხუცებულთა თავშესაფრებში მიჰყავთ პაციენტების სტრესისა და შფოთვის შესამცირებლად.
„ძაღლები ძალიან ახლოს არიან. თუ ვინმეს რამე უჭირს, მათ იციან, როგორ იჯდნენ იქ და იყვნენ მოსიყვარულეები“, ამბობს დოქტორი ენ ბერგერი, ექიმი და მკვლევარი NIH კლინიკურ ცენტრში ბეთესდაში, მერილენდის შტატში. „მათი ყურადღება მუდმივად ადამიანზეა კონცენტრირებული“.
ბერგერი მუშაობს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ კიბო და ტერმინალური დაავადებები. ის ასწავლის მათ ყურადღების კონცენტრირებას სტრესის შესამცირებლად და ტკივილის მართვისთვის.
„ყურადღების კონცენტრირების საფუძვლებია ყურადღება, განზრახვა, თანაგრძნობა და ცნობიერება“, ამბობს ბერგერი. „ყველა ეს არის ის, რასაც ცხოველები ახორციელებენ. ადამიანებმა ეს უნდა ისწავლონ. ცხოველები ამას თანდაყოლილად აკეთებენ“.
მკვლევრები სწავლობენ ცხოველების საავადმყოფოში მოყვანის რამდენად უსაფრთხოა, რადგან ცხოველებმა შეიძლება ადამიანებისთვის საზიანო მიკრობები გაავრცელონ. მიმდინარე კვლევა იკვლევს ძაღლების კიბოთი დაავადებული ბავშვების მოსანახულებლად მოყვანის უსაფრთხოებას, ამბობს ესპოზიტო. მეცნიერები ბავშვების ხელებს შეამოწმებენ, რათა დაადგინონ, ძაღლიდან ვიზიტის შემდეგ გადადის თუ არა ჯანმრთელობისთვისსაშიში მიკრობები ადამიანებზე.
ძაღლები ასევე შეიძლება დაეხმარონ მასწავლებელს საკლასო ოთახში. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მქონე ბავშვებს ყურადღების კონცენტრირებაში დაეხმარონ. მკვლევარებმა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის მქონე ბავშვების ორი ჯგუფი 12-კვირიან ჯგუფურ თერაპიის სესიებში ჩარიცხეს. ბავშვების პირველი ჯგუფი კვირაში ერთხელ 30 წუთის განმავლობაში თერაპიის ძაღლს უკითხავდა გაკვეთილებს. მეორე ჯგუფი კი ძაღლების მსგავს თოჯინებს უკითხავდა იგივე გაკვეთილებს.
ბავშვებმა, რომლებიც ნამდვილ ცხოველებს უკითხავდნენ, უკეთესი სოციალური უნარები და მეტი გაზიარება, თანამშრომლობა და მოხალისეობა აჩვენეს. მათ ასევე ნაკლები ქცევითი პრობლემები ჰქონდათ.
კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები უფრო მშვიდად იყვნენ კლასში ზღვის გოჭებთან თამაშისას. როდესაც ბავშვები ზღვის გოჭებთან 10 წუთს ატარებდნენ ზედამხედველობის ქვეშ ჯგუფურ თამაშში, მათი შფოთვის დონე დაეცა. ბავშვებს ასევე უკეთესი სოციალური ურთიერთქმედება ჰქონდათ და უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი თანატოლებთან.
„ცხოველები შეიძლება გახდნენ სოციალური ურთიერთქმედებებისთვის ხიდის აგების საშუალება“, - ამბობს გრიფინი. ის დასძენს, რომ მკვლევარები ცდილობენ უკეთ გაიგონ ეს ეფექტები და გაარკვიონ ვის შეიძლება დაეხმარონ ისინი.
ცხოველები შეიძლება სხვა მოულოდნელი გზებითაც დაგვეხმარონ. ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ თევზის მოვლა დიაბეტით დაავადებულ მოზარდებს დაავადების უკეთ მართვაში დაეხმარა. მკვლევარებმა ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა ჯგუფს დღეში ორჯერ შინაური თევზის მოვლა სთხოვეს, საკვების მიწოდებით და წყლის დონის შემოწმებით. მოვლის რუტინა ასევე მოიცავდა აკვარიუმში წყლის ყოველკვირეულად გამოცვლას. ეს დაემთხვა ბავშვების მიერ სისხლში გლუკოზის (სისხლში შაქრის) ჟურნალების მშობლებთან ერთად განხილვას.
მკვლევარები აკვირდებოდნენ, თუ რამდენად თანმიმდევრულად ამოწმებდნენ ეს მოზარდები სისხლში გლუკოზის დონეს. იმ მოზარდებთან შედარებით, რომლებსაც თევზი არ მისცეს მოვლისთვის, თევზის მომვლელი მოზარდები უფრო დისციპლინირებულები იყვნენ საკუთარ სისხლში გლუკოზის დონის შემოწმების საკითხში, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შინაურ ცხოველებს შეიძლება ჯანმრთელობისთვის ფართო სპექტრის სარგებელი მოჰქონდეთ, ცხოველი შეიძლება ყველასთვის არ იყოს შესაფერისი. ბოლოდროინდელი კვლევები ვარაუდობენ, რომ შინაურ ცხოველებთან ადრეულმა კონტაქტმა შეიძლება დაეხმაროს პატარა ბავშვებს რათა გამოიმუშაონ იმუნიტეტი ალერგიის მიმართ. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია გარკვეული ცხოველების მიმართ, შინაური ცხოველების სახლში ყოლა შეიძლება უფრო მეტ ზიანის მომტანი იყოს ვიდრე სიკეთის.
ურთიერთ დახმარება და მზრუნველობა
შინაური ცხოველები ასევე ახალ პასუხისმგებლობებს გულისხმობს. ცხოველის მოვლისა და კვების ცოდნა შინაური ცხოველის ყოლის ნაწილია. ბავშვები რომლებსაც უწევთშინაური ცხოველის მოვლა გამოირჩევიან მეტი დისციპლინით ად პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, ეჩვევიან სხვა არსებებზე ზრუნვას და სწავლობენ სიყვარულს ად თანაგრძნობას.
ამ ყველაფერთან ერთად, ყოველთვის გახსოვდეთ რომ, რომ ცხოველებსაც შეუძლიათ სტრესისა და დაღლილობის განცდა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეძლონ სტრესის ნიშნების ამოცნობა შინაურ ცხოველში და იცოდნენ, როდის არ უნდა მიუახლოვდნენ. ცხოველის ნაკბენებმა შეიძლება მათ სერიოზული ზიანი მიაყენოს.
„ძაღლის ნაკბენის პრევენცია, რა თქმა უნდა, საკითხია, რომელიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებმაც ყოველთვის არ იციან ძაღლთან დაკავშირებით მისაღები საზღვრები“,
მკვლევრები გააგრძელებენ შინაური ცხოველების გავლენის შესწავლას ადამიანის ჯამრთელობაზე. მაგრამ მანამდე შეგიძლიათ მიაკითხოთ თავშესაფარს და სახლში პატარა ფისო ან ლეკვი წამოიყვანოთ. :)
0