ოუჯას დაფა, საშიში მისტიური ნივთი თუ უბრალოდ სათამაშო? 🤷‍♀️

ოუჯას დაფა, საშიში მისტიური ნივთი თუ უბრალოდ სათამაშო? 🤷‍♀️

ავტორი
la lita

la lita

შეფასება

0

(0)

225

გაზიარება:

11.10.2026

მოკლე აღწერა

ბევრს სჯერა რომ, ოუჯას დაფა (Ouija board) ანბანით, ციფრებითა და მოძრავი მანიშნებლით აღჭურვილი ეს ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სულთა სამყაროსთან კომუნიკაციის გზაა...

საიდან იღებს სათავეს „ოუჯას“ დაფა?

„ოუჯას“ დაფები სპირიტიზმის ( რწმენის იმის შესახებ, რომ ცოცხლებს შეუძლიათ მიცვალებულებთან ურთიერთობა ) ფარგლებში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სპირიტისტული შეხედულებები ათასობით წლის განმავლობაში არსებობდა, როგორც მოძრაობამ, სპირიტიზმმა განსაკუთრებული პოპულარობა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში მოიპოვა.

1848 წელს დებმა რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ, მეგი და კეიტ ფოქსებმა, განაცხადეს, რომ შეეძლოთ ურთიერთობა დაემყარებინათ სულთან, რომელიც აუხსნელ კაკუნის ხმებს გამოსცემდა მათ ოჯახურ სახლში (ჰაიდსვილი, ნიუ-იორკის შტატი). დები ფოქსები ცნობილები გახდნენ და უფროსი დის, ლიას ხელმძღვანელობით, ქვეყნის მასშტაბით მართავდნენ ტურნეებს თავიანთი ნიჭის საჩვენებლად. მათმა წარმატებამ ხელი შეუწყო სპირიტისტული მოძრაობის გაძლიერებას; შედეგად, სხვა „მედიუმებმაც“ — ადამიანებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეეძლოთ შუამავლობა ცოცხლებსა და მიცვალებულებს შორის — საკუთარი სეანსების ჩატარება დაიწყეს.

სპირიტიზმით დაინტერესებულთა შორის იყო აშშ-ის პირველი ლედი მერი ტოდ ლინკოლნიც, რომელიც ესწრებოდა სეანსებს და მათ თეთრ სახლშიც მასპინძლობდა.

სულებთან კონტაქტის დასამყარებლად მედიუმები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მაგალითად, „მაგიდის ტრიალს“. მონაწილეები ხელებს მაგიდაზე აწყობდნენ და ანბანს ხმამაღლა წარმოთქვამდნენ; ისინი ელოდნენ, რომ სული მაგიდას შეარხევდა და სიტყვებს შეადგენდა.

1886 წელს გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია ახალი ხელსაწყოს შესახებ, რომელიც ოჰაიოს შტატში გამართულ სპირიტისტულ შეკრებებზე ვრცელდებოდა და „იქაურ სამყაროსთან“ კომუნიკაციას აჩქარებდა. ეს იყო „მოლაპარაკე დაფა“, რომელიც შედგებოდა ასოებითა და ციფრებით დაფარული ხის ფიცრისა და სპეციალური მოწყობილობისგან, რომელსაც „პლანშეტი“ (planchette) ეწოდებოდა. მისი გამოყენებისას ორი ან მეტი ადამიანი თითის წვერებს მსუბუქად ადებდა პლანშეტს და კითხვას სვამდა. ამის შემდეგ პლანშეტი დაფაზე მოძრაობას იწყებდა და სათითაოდ მიუთითებდა ასოებზე, რათა შეედგინა სიტყვები ან ეჩვენებინა ციფრები და პასუხები, როგორიცაა „დიახ“ და „არა“.


როგორ მოხდა „მოლაპარაკე დაფების“ კომერციალიზაცია?

ბალტიმორელმა ბიზნესმენმა ჩარლზ კენარდმა დაინახა შესაძლებლობა, შეექმნა და ბაზარზე გაეტანა „მოლაპარაკე დაფების“ ვერსია, რათა ესარგებლა გლოვაში მყოფი ამერიკელების ინტერესით სპირიტიზმის მიმართ. კენარდმა საკუთარი პროტოტიპის შესაქმნელად თანამშრომლობა დაიწყო მეზობელთან და დაკრძალვის ბიუროს მფლობელთან, ე. ს. რაიხესთან, თუმცა მალევე გარიგებიდან გამოთიშა იგი. ამის ნაცვლად, მან ინვესტორები შემოიკრიბა და დააარსა კომპანია Kennard Novelty Company. ერთ-ერთი ინვესტორი იყო ბალტიმორელი ადვოკატი ელაიჯა ბონდი; მან მოწყობილობა დახვეწა და 1890 წელს საპატენტო განაცხადი შეიტანა, ხოლო უფლებები კენარდსა და სხვა ინვესტორს, უილიამ ჰ. ა. მოპინს გადასცა.

ლეგენდის თანახმად, მედიუმმა ჰელენ პიტერსმა (ბონდის ცოლისდამ) დაფას სახელი ჰკითხა და მან „Ouija“ (ოუჯა) უპასუხა. როდესაც ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, პლანშეტმა (მოძრავმა მაჩვენებელმა) ასოებით ააწყო ფრაზა „good luck“ (წარმატება). ამბობენ, რომ პიტერსს ყელზე ეკიდა მედალიონი ქალის გამოსახულებით, რომლის ქვემოთაც ეწერა სიტყვა „Ouija“. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მედალიონზე გამოსახული ქალი მწერალი მარია ლუიზ რამე იყო, რომლის ფსევდონიმსაც — „Ouida“ (უიდა) — ხშირად არასწორად კითხულობდნენ.

პატენტი 1891 წლის 10 თებერვალს გაიცა მას შემდეგ, რაც პიტერსმა საპატენტო ბიუროს თანამშრომელს დაფის სპირიტუალური „ეფექტიანობა“ უჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს შეიძლება მოეჩვენოთ, თითქოს პლანშეტი თავისით მოძრაობს, მკვლევრები ამ მოძრაობას იდეომოტორულ ეფექტს მიაწერენ; ეს არის მოვლენა, როდესაც ადამიანი კუნთების მცირე, გაუცნობიერებელ მოძრაობებს ისე ასრულებს, რომ ამას თავად ვერ ამჩნევს.


როგორ მოიპოვა პოპულარობა „ოუჯას“ დაფამ?

გამოშვებისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, ის იზიდავდა სხვადასხვა ტიპის ადამიანებს — მათ, ვისაც სურდა, მედიუმების შუამავლობის გარეშე დაკავშირებოდა სულებს. ამ სიახლისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა დამანგრეველი ომების, კერძოდ კი — პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ. პოპულარობის კიდევ ერთი ტალღა 1966 წელს აგორდა, მას შემდეგ, რაც კომპანია Parker Brothers-მა „ოუჯას“ უფლებები შეიძინა; ეს პერიოდი ვიეტნამის ომს დაემთხვა.

„ოუჯას“ დაფა შიშის მომგვრელ საგნად ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ 1973 წლის შემდეგ იქცა, როდესაც ის ფილმ „ეგზორცისტის“ (The Exorcist) სიუჟეტის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა.



🍀 ასე რომ მეგობრებო, არავითარი მისტიკა და სპირიტიზმი, ეს დაფა მხოლოდ და მხოლოდ სათამაშოა და მეტი არაფერი, თუმცა თუ არ გინდათ რომ დაიჯეროთ სხვა რა გზაა, შეგიძლიათ თავისუფლად ჩაატაროთ ხოლმე ეს, მარტივად რომ ვთქვათ ღიმილის მომგვრელი სეანსები 🙂

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze