ნასკას უდაბნოს საიდუმლო
მოკლე აღწერა
გეოგლიფი — მიწაზე გამოსახული გეომეტრიული ან ფიგურული გამოსახულება, როგორც წესი, სიგრძით 4 მეტრზე მეტი. ბევრი გეოგლიფი იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა მხოლოდ ჰაერიდან არის შესაძლებელი (ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითი — ნასკას ხაზები).
თუ თქვენი თვითმფრინავი სამხრეთ პერუს მაღლობზე მდებარე ნასკას უდაბნოს მოსწყდება და ცაში აიჭრება, უმალ შენიშნავთ, როგორ შეცვლის თქვენს თვალწინ ფორმას ფერმკრთალი კლდეები და ქვიშა. მკაფიო, თეთრი ხაზები თანდათან მოწითალო-მოჟანგისფროდ გარდაიქმნება. თანდათანობით, ლანდშაფტი კიდევ უფრო შეიცვლება და ხაზები მარტივი გეომეტრიული ფიგურების ფორმას მიიღებენ – ციდან თქვენ შენიშნავთ უზარმაზარ ტრაპეციებს, სწორ ხაზებს, მართკუთხედებს, სამკუთხედებსა და წრეებს. ზოგიერთი ხაზი ნელ-ნელა კიდევ უფრო განსხვავებულ ფორმებს მიიღებს და თქვენს წინაშე წარმოსდგება კოლიბრის, ობობის, მაიმუნისა და სხვა ცხოველთა ნახატები.
ეს სახელგანთქმული ნასკას ხაზებია –
ხაზები პერუს სამხრეთში, დედაქალაქ ლიმიდან 400 კილომეტრის მოშრებით, თანამედროვე ქალაქ ნასკას მახლობლად მდებარეობს. საერთო ჯამში, აღმოჩენილია 800 სწორი ხაზი, 300 გეომეტრიული ფიგურა და სხვადასხვა ცხოველებისა და მცენარეების 70 ნახატი. ზოგიერთი სწორი ხაზის სიგრძე 49 კილომეტრია, მცენარეთა და ცხოველთა ფიგურების სიგრძე კი 15-დან 365 მეტრამდე (ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის ზომის).
ხაზების აღმოჩენა და პირველი თეორიები
საზოგადოებისათვის ისინი პირველად ცნობილი 1930-იან წლებში გახდა, მას შემდეგ, რაც ეს ნახატები პერუს თავზე კომერციული ფრენების დროს პილოტებმა შენიშნეს.
ამ ხაზებს გეოგლიფებს უწოდებენ – ეს არის ნახატები მიწის ზედაპირზე, რომელიც მიღებულია კლდოვანი ქანებისა და მიწის ამოთხრის შედეგად, „ნეგატივი“ სურათის სახით. კლდოვანი ქანები, რომლითაც უდაბნოა დაფარული, ჟანგვის შედეგად მუქ ყავისფრად გამოიყურება და როდესაც 12-15 ინჩის ზომის ასეთ კლდეებს ამოთხრიან, ჩნდება ღია ფერის ქვიშა. იქიდან გამომდინარე, რომ ნასკას უდაბნოში წვიმა უიშვიათესია და თითქმის არაა ქარი და ეროზია, ნახატები ბუნებრივი მიზეზებით არ დაზიანებულა 500-2000 წლის მანძილზე.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხაზების უმრავლესობა თავად ნასკას ხალხმა შექმნა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ახ. წ. 100-700 წლებში სახლობდა. უდაბნოს ძრითადი ნაწილი კარგად მოხატულ ცარცის დაფას მოგვაგონებს, სადაც ხაზები ერთმანეთს კვეთს.
იმის გამო, რომ ნახატების ზომიდან გამომდინარე, მათი სრული აღქმა მხოლოდ ზემოდანაა შესაძლებელი, წარმოიშვა აზრი, რომ ნასკას ხალხი საფრენი აპარატების ტექნიკას ფლობდა. და ეს ხაზები სწორედ საფრენი აპარატების დასაჯდომ ტრასებად გამოიყენებოდა. ამ მიდგომას უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ უდაბნოს მიდამოებში აღმოჩენილ კერამიკაზე გამოსახულია ფრანები და ბურთები. ბევრი ხაზის ბოლოში არსებულ წრიულ ორმოებში აღმოჩენილია ნახშირის ნამწვავები, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ნასკას მაცხოვრებლები ცხელი ჰაერის საშუალებით საჰაერო ბუშტს უშვებდნენ.
ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, ხაზები და სპირალები სარბენ ტრასად გამოიყენებოდა. 1980-იან წლებში, ამ თეორიას ანვითარებდა გერმანელი მეცნიერი ჯორჯ ფონ ბრენიგი. მისი შთამბეჭდავი ჰიპოთეზა დეტალურად აღწერს ადგილობრივ რბოლათა სერიას, რომელიც ერთგვარ ეროვნულ შეჯიბრს წააგავდა. გუნდის აღჭურვილობა და ფორმები ხშირადაა გამოსახული უდაბნოში აღმოჩენილ კერამიკაზეც.
კიდევ ერთი დაუჯერებელი თეორიის თანახმად, ეს უზარმაზარი გეოგლიფები ნასკას ხალხმა სხვა სამყაროდან მოსული სტუმრებისთვის დახატეს. რათა მათ ცის სიმაღლიდან შესძლებოდათ მათი დანახვა. არაერთი იქაური ლეგენდა მოგვითხრობს ციდან მოსული ადამიანების და ღმერთების შესახებ, რისიც მტკიცედ სჯეროდა მათ, ვინც ამხელა ენერგია ჩადო ამ იდუმალი გამოსახულებების შექმნაში.
და მაინც, იმის მიუხედავად, თუ რისთვისაა შექმნილი ეს ამოუცნობი ნახაზები და ფიგურები პერუს მიყრუებულ, უკაცრიელ ზეგანზე და იძლევა თუ არა რომელიმე თეორია მეტნაკლებად დამაჯერებელ პასუხს, ისინი დღემდე რჩება კაცობრიობისთვის ერთგვარ გამოცანად, რომელსაც საბოლოო პასუხი ოდესმე ალბათ გაეცემა. და ბოლოს, ცხოვრება მართლაც ნაკლებ საინტერესო იქნებოდა, სამყარო ჯიუტად რომ არ იცავდეს თავის საიდუმლოებებს.
0