იმედგაცრუება: რა არის ეს, როგორი შეგრძნებაა და როგორ გავუმკლავდეთ მას 😔

იმედგაცრუება: რა არის ეს, როგორი შეგრძნებაა და როგორ გავუმკლავდეთ მას 😔

შეფასება

0

(0)

616

გაზიარება:

12.11.2026

მოკლე აღწერა

იმედგაცრუება არის გრძნობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც რეალობა ისეთი არ აღმოჩნდება, ვიდრე ელოდით — როდესაც ადამიანი, შედეგი თუ მოვლენა თქვენს იმედებს ვერ ამართლებს. ეს განცდა სევდას ჰგავს, ამასთანავე ის ყოველთვის გიჩვენებთ, თუ რა არის თქვენთვის სინამდვილეში მნიშვნელოვანი.

რა არის იმედგაცრუება?

იმედგაცრუება არის გრძნობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც რეალობა იმაზე უარესი აღმოჩნდება, ვიდრე ელოდით. ​​ვიღაცამ არ შეასრულა დანაპირები; შედეგი, რომლის მისაღებადაც ბევრი იშრომეთ, იმაზე მოკრძალებული აღმოჩნდა, ვიდრე გეგმავდით; მოგზაურობამ, ზეიმმა თუ საუბარმა არ მოიტანა ის, რასაც იმედოვნებდით. იმედგაცრუება ყოველთვის ორი კომპონენტისგან შედგება: მოლოდინისა და იმ სხვაობისგან, რომელიც ამ მოლოდინსა და რეალურად მომხდარ მოვლენას შორის არსებობს. მოლოდინის გარეშე იმედგაცრუებაც არ არსებობს.

ემოციების კვლევაში იმედგაცრუება სიხარულის საპირისპირო მდგომარეობას — სევდას — უკავშირდება, თუმცა მათ შორის განსხვავებაც არის. სევდა იმის დაკარგვითაა გამოწვეული, რაც უკვე არსებობდა; იმედგაცრუება კი — იმის დაკარგვით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო: იქნება ეს წარმოდგენა, იმედი თუ შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ის ხშირად მოულოდნელ ჩამოვარდნას ჰგავს: თითქოს შინაგანად აღმასვლას განიცდიდით, ახლა კი, სადაც ეს განცდა იყო, სიცარიელე დარჩა.

იმედგაცრუება შეიძლება სხვადასხვა რამემ ან ვინმემ გამოიწვიოს:
სხვა ადამიანმა: პარტნიორში, მეგობარში, მშობელსა თუ ხელმძღვანელში იმას ხედავთ რასაც არ ელოდით. „მეგონა, ის სხვანაირი იყო“.

საკუთარმა თავმა: როდესაც მარცხი განიცადე ან ისე მოიქეცი, როგორც არ გსურდა. „საკუთარი თავისგან უფრო მეტს ველოდი“.

სიტუაცია ცხოვრებაში: როდესაც გეგმა, სამსახური, ჯანმრთელობა ან ოცნება არ გამოვიდა, ან ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ელოდი.


როგორი შეგრძნებაა იმედგაცრუება და როგორ გამოხატავს მას სხეული?

იმედგაცრუება „ჩამოვარდნის“ შეგრძნებაა და ენა ამას კარგად გამოხატავს: თითქოს გული გისკდება, თავს გატეხილად, ჩამოცლილად გრძნობ — თითქოს შიგნიდან ჰაერი გამოგეცალა.
გულ-მკერდი და მუცელი. სიმძიმის, სიცარიელის ან ქვემოთ ჩავარდნის შეგრძნება — თითქოს ლიფტი უეცრად ქვემოთ დაეშვა.

მხრები და დგომა. სხეული მოეშვება: მხრები ეშვება, თავი იხრება, მზერა კი იატაკისკენ მიემართება.

ენერგია. ძალების უეცარი გამოლევა; აღარაფრის კეთების სურვილი აღარ გაქვთ — იმისაც კი არა, რაც ერთი საათის წინ გხიბლავდათ.

სუნთქვა. ღრმა, მძიმე ოხვრა; ზოგჯერ — ყელში ბურთის გაჩხირვის შეგრძნება ან ცრემლები.
ამ დროს ჩნდება სურვილი — გაეცალო ყველაფერს: ზურგი აქციო, გაჩუმდე, შეწყვიტო მცდელობა, შეწყვიტო იმედის ქონა. ზოგჯერ ეს სურვილი ბრაზით ან სარკაზმით ინიღბება („კარგი, სულ ერთია“), რადგან სხეულისთვის ბრაზის განცდა უფრო ადვილია, ვიდრე მძიმე განცდების ტარება. თუმცა, ბრაზის მიღმა ხშირად იმედგაცრუება იმალება, ხოლო იმედგაცრუების მიღმა — რაღაც ისეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორ იწყება იმედგაცრუება და რა მოჰყვება მას?
1. მოლოდინი.

გონება წინასწარ ქმნის სურათს იმისა, თუ როგორი იქნება ყველაფერი. სხეული უკვე „ელოდება“: ჩნდება აღმაფრენა, ენერგიის მოზღვავება.

2. შეუსაბამობა.

რეალობა სხვანაირი აღმოჩნდება. ტვინი აფიქსირებს შეცდომას — განსხვავებას იმას შორის, რაც მოსალოდნელი იყო და რაც რეალურად მივიღეთ.

3. ვარდნა.

აღმაფრენა ქრება, ენერგია იკლებს, გიჩნდება სურვილი, უკან დაიხიო. ეს იმედგაცრუებაა.

4. გზაგასაყარი.

შეგიძლია, დაფიქრდე და გადახედო მოლოდინებს, ან აირჩიო თავდაცვა: სხვების დადანაშაულება, ცინიკური პოზიციის დაკავება („არაფერს უნდა ელოდო“) და სურვილებისთვის თავის დანებება.

5. შედეგი.

იმედგაცრუება, რომელიც სრულად განიცადე და გადაამუშავე, ცოდნად იქცევა. ხოლო ის იმედგაცრუება, რომელიც არ გადაგიმუშავებია, გროვდება და მწარე გრძნობად, ასევე ზედმეტ სიფრთხილედ გარდაიქმნება — რაც გულს ახალი შესაძლებლობებისთვისაც კეტავს.
მეოთხე ეტაპი ყველაზე გადამწყვეტია. როდესაც იმედგაცრუებას შინაგანად ჩავახშობთ, ის ხშირად გარდაიქმნება წყენად (თუ დამნაშავე სხვა ვინმეა) ან ქრონიკულ ცინიზმად — რაც თითქოს სიმწიფეს ჰგავს, სინამდვილეში კი მხოლოდ თავდაცვის მექანიზმია, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი მარცხი. უკიდურეს შემთხვევაში, განმეორებითმა იმედგაცრუებებმა შესაძლოა აპათიამდე მიგვიყვანოს: როცა ვფიქრობთ რომ „რაიმეზე ოცნებას აზრი არ აქვს“.

იმედგაცრუება ურთიერთობაში: სიგნალი თუ ნიშანი?
ახლო ურთიერთობებში იმედგაცრუება გარდაუვალია. ადამიანები ერთმანეთს არასდროს უგებენ სრულყოფილად და ხანდახან თითოეული მათგანი იმაზე მეტს ჰპირდება სხვას, ვიდრე რეალურად შეუძლია შეასრულოს. პარტნიორის მხრიდან წამოსული ერთჯერადი იმედგაცრუება გარკვეული სიგნალია: ის გიბიძგებთ საუბრისკენ, მოლოდინების დაზუსტებისა და იმის თქმისკენ, თუ რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი. როდესაც ასეთი საუბრები ურთიერთბრალდებების გარეშე მიმდინარეობს, ისინი ხშირად აძლიერებენ კავშირს, რადგან პარტნიორები ერთმანეთის შესახებ ახალ რამეს იგებენ.

სულ სხვაა, როდესაც იმედგაცრუება ურთიერთობის მუდმივ ფონად იქცევა. თუ დაპირებები არაერთხელ ირღვევა, თუ თქვენ მიერ გაჟღერებული საჭიროებები უპასუხოდ რჩება და თუ სულ უფრო ხშირად იჭერთ საკუთარ თავს ფიქრში — „აი, ისევ იგივე მეორდება“, — მაშინ იმედგაცრუება უკვე აღარ უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევას, არამედ თავად ურთიერთობის მდგომარეობას. ასეთ დროს მნიშვნელოვანი კითხვაა არა ის, თუ „როგორ შევამცირო ჩემი მოლოდინები?“, არამედ — „არის თუ არა ამ ურთიერთობაში საერთოდ ადგილი ჩემი საჭიროებებისთვის?“ ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა გიბიძგოთ პირადი საზღვრების უფრო მკაფიოდ განსაზღვრის, გულწრფელი საუბრის ან რაიმე რთული გადაწყვეტილების მიღებისკენ.

როგორ გავუმკლავდეთ იმედგაცრუებას
იმედგაცრუებას „პოზიციური აზროვნება“ კი არ სჭირდება, არამედ — სივრცე. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი სახელი. „იმედგაცრუებული ვარ“. არა „სულ ერთია“ და არა „ვბრაზობ“ — თუკი ბრაზის მიღმა, სინამდვილეში, სიმძიმე იმალება.

იგრძენით ის სხეულში. სად იგრძნობა სიმძიმე? გულმკერდში, მუცლის არეში თუ მხრებზე? მიეცით ამ სიმძიმეს უფლება, რამდენიმე წუთით დარჩეს იქ; ნუ ეცდებით მის „მოშორებას“.

დაფიქრდით კონკრეტულად რას ელოდით? ჩამოაყალიბეთ ერთ წინადადებაში. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს მოლოდინი ხმამაღლა არასდროს გამოგითქვამთ.

გააანალიზეთ. რა იყო რეალისტური და რა — მხოლოდ იმედი ან იდეალი? რა იყო თქვენზე დამოკიდებული და რა — არა?

აღმოაჩინეთ საჭიროება. რა მჭირდებოდა? რომ დამინახონ, დახმარება მივიღო, თუ თავი მნიშვნელოვნად ვიგრძნო?

გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ. ესაუბრეთ მეორე ადამიანს („ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ...“), დააკორექტირეთ მოლოდინი, გაუშვით ეს განცდა ან უბრალოდ შეცვალეთ მიმართულება.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze