გალას გალაქტიკა
მოკლე აღწერა
იმ ნიჭის და გენიის გარდა, რასაც ყველა ვაღიარებთ და თაყვანს ვცემთ. გიფიქრიათ თუ არა, რა საერთო ჰქონდათ ბარათაშვილს, გალაკტიონს, ვაჟას, ფიროსმანს? და არა მარტო მათ, გიფიქრიათ ამაზე?
იმ ნიჭის და გენიის გარდა, რასაც ყველა ვაღიარებთ და თაყვანს ვცემთ. გიფიქრიათ თუ არა, რა საერთო ჰქონდათ ბარათაშვილს, გალაკტიონს, ვაჟას, ფიროსმანს? და არა მარტო მათ, გიფიქრიათ ამაზე? რატომ ხდებოდა, რომ არ ჰქონდათ შესაფერისი სამოსი, საკვები, ყურადღება და დაფასება? რატომ ხდებოდა და ახლაც ხდება, რომ გენიის აღიარებისთვის აუცილებელი არის მისი გარდაცვალება? რატომ ავადდებოდნენ სულიერად?
წარმოიდგინეთ ვინმემ , უცხომ რომ გვკითხოს: რატომ მოიკლა თავი გალამ? ან რატომ ხატავდა ნიკო ნახშირით? რა უნდა ვუპასუხოთ? წარმოიდგინეთ , თქვენ გქონოდათ ბედნიერება ყოფილიყავით ფიროსმანის მეზობელი და მას თქვენს გვერდით სარდაფში ეცხოვრა, ნაგავსა და ჭუჭყში? და ამას უშვებდა არა მარტო უბრალო ხალხის ფენა, არამედ იმ ჟამინდელი ეგრეთ წოდებული ელიტა , რომელსაც ჰქონდა ყველაფერი: ფული, თანამდებობა და სტატუსი. არ ვსაუბრობ მოწყალებაზე, ალბათ მოწყალების მიღებას რომ არ კადრულობდნენ, ამიტომაც სტკიოდათ სული. ამიტომაც მიფრინავდნენ სარკმლიდან უსასრულობაში... განა ასე რთული იყო ინკოგნიტოდ დახმარება? განა ასე რთული იყო, ირონიის გარეშე დახმარების ხელის გაწვდენა, უმწეოსათვის გაწვდილი ხელი, რამხელა სასწაულებს ახდენს ხომ გსმენიათ?! მაგრამ ალბათ სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, რომ მათ შეექმნათ ის უკვდავება, რასაც ჩვენ პოეზიის, პროზის თუ მხატვრობის შედევრებს ვუწოდებთ.
დააკვირდით გალას ამ ფოტოს, რა ფაქიზი და მშვენიერი სულია. როგორი იმედით და რწმენით ანთებული თვალებია. კარგად დააკვირდით, რა ნატიფი თითებია, თითები რომლებსაც "მე და ღამის" "უდაბნოს" " მთაწმინდის მთვარის" დაწერა აიძულეს. რომ სცოდნოდათ მის მოშურნეებს, თუ რა საოცრებებს შექმნიდა მარტოსულობის ჟამს....
ხოდა მადლობა მინდა ვუთხრა ყოველ ეკალს, ადამიანის სახით მოსულ ყოველ განსაცდელს , რომელმაც თავისი მიზანმიმართული თუ უნებური ბიძგით ეს ადამიანები გენიებად ჩამოაყალიბა. და ბოლოს გემშვიდობებით იმ ლექსით , რომელიც პირველი შევიყვარე გალაკტიონის უსასრულო გალაკტიკაში💛
უდაბნო
სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი;
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრინებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.
დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა,
მოვკვდე და გული ვის დავსწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.
რად მინდა მივსწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
ჩემს უდაბნოს ვერ გავსცილდები მაინც ვერასდროს.
მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,
მარტო ვიქნები და რა ვპოვო მარტოობაში?
ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?
წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!
და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,
ის ჩემს ხმებს მიჰყავს... მე ვის წავყვე ჩემის წამებით?
ან მეგობარის თუ მომესმას ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?
არცა თუ მცირედ შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,
რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.
ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო!
ვე რა
4.5