21 ივნისი - ზაფხულის ბუნიობა
5
70
21.06.2025
მოკლე აღწერა
ზაფხულის ბუნიობა 21 ივნისსაა და ასტროლოგიაში ეს ფენომენი წელიწადის უძლიერესი ენერგიის მქონე დღედ ითვლება. კირჩხიბის ნაზი და ქალური ენერგია შერწყმულია ლომის იმპერიულ და ძლიერ ენერგიასთან, რომლის მფარველიც მზეა. ამ დღეს კარგია დასვენება, ბუნებაში გასეირნება, ახალი იდეების მოფიქრება და საკუთარი სურვილების ასასრულებლად ნაბიჯების გადადგმა.
21 ივნისს მზე ზენიტში დგება და იწყება მცხუნვარე დღეები. ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცა იცვლება და ცაზე დავინახავთ ზაფხულის ე.წ სამკუთხედს: ალტაირი (არწივის თანავარსკლვავედი), ვეგა (ლირას თანავარასკლვავედი), დენები (გედის თანავარსკვლავედი).
ეს მაგიური სამკუთხედი დედამიწაზე თავისებურ ენერგეტიკულ გავლენას ახდენს, მართალია, დღე იკლებს, მაგრამ იმატებს სასიცოცხლო ენერგია.
ლეგენდის თანახმად, სამყაროს კეთილი ძალები ზაფხულის ბუნიობას ადამიანების დასახმარებლად მოდიან, მაგრამ ამ დახმარების მიღება დამოკიდებულია თავად ინდივიდის მზაობაზე, მიმღებლობაზე.
ზოგადად, ეს დღე "ჯადოსნურ" დღედ ითვლება! ამიტომ მრავალ ქვეყანაში სწორედ ამ დღეს ოდითგანვე ტარდებოდა სხვა და სხვა რიტუალები სამყაროდან ამ "ჯადოსნური" ენერგიის მისაღებად..
გაუხსენით გული სამყაროს! გაეცით, რაც შეიძლება მეტი სიყვარული და ჰარმონია დაისადგურებს თქვენს სულში.
როგორ უნდა გავატაროთ ეს დღე?
ასტროლოგები ბუნებაში მედიტაციას, პიკნიკის გამართვას ან მარტო სეირნობას გვირჩევენ. ეს დღე ახალი მიზნების დაგეგმვისთვის საუკეთესოა, რადგანაც მზის ენერგია თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს შემოქმედებით მხარეს. წყლის ნიშნის თვეში შევდივართ, რაც ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ შემოქმედებით იმპულსებს და გაძლიერებულ ინტუიციას. ნუ უგულებელყოფთ იმ ნიშნებს, რომლებსაც ცხოვრება გიგზავნით და გაააქტიურეთ თქვენი შემოქმედება. ალბათ, ამ დღეს შეძლებთ იპოვოთ საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გააკეთებთ.
ატარეთ სწორად შერჩეული სამკაულები - ყვითელი ოქრო ტრადიციულად "მზის" ლითონად ითვლება, ამიტომ ოქროს ან სპილენძის სამკაულები უნდა გამოიყენოთ. ასევე, შეგიძლიათ ატაროთ სამკაულები გრანიტის, ლალის, ქარვისა და ციტრინის ქვებით. 21 ივნისს, საღამოს სამკაულები განათავსეთ ისეთ ადგილზე, სადაც ამომავალი მზის სხივები მოხვდება და დილით მზეს მადლობა გადაუხადეთ ყველაფრისთვის. შემდეგ სასურველი სამკაული მოირგეთ და ეს დადებითი ენერგია მათი მეშვეობით თქვენზე აუცილებლად გადმოვა.
გამართეთ ოჯახური ვახშამი - ოდითგანვე ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს მთელი ოჯახი ერთად უნდა შეიკრიბოს ვახშმად და ერთმანეთი დადებითი ენერგიებით დამუხტონ.
მოაწყვეთ სპა პროცედურების საღამო - ზედმეტი ფიქრებისა და გრძნობების განდევნის მიზნით, 21-22 ივნისის ღამეს სანთლის შუქზე იბანავეთ. ჯერ ვერცხლის ნივთი რამდენიმე წუთით წყალში მოათავსეთ – ეს მის განწმენდას ხელს შეუწყობს. შემდეგ კი აბაზანას სასურველი არომატი დაამატეთ, დაისვენეთ სულიერად, გონებრივად და ძალები აღიდგინეთ.
რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
ზაფხულის ბუნიობის დღეს უმჯობესია, თუ პოზიტიურ განწყობას შეიქმნით, არ იქნებით გაბრაზებული და არ გამოავლენთ აგრესიას.
არ ჩაიცვათ მუქი ტანსაცმელი - აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მზეს ნათელი ფერები უყვარს, ამიტომაც ჯობს, შავ, მუქი ფერის ტანსაცმელს თუ დროებით გვერდზე გადადებთ და თეთრ და კრემისფერ ჩრდილებს მოირგებთ.
5