12 რომანი, რომლებიც ''ყველა დროის უდიდეს წიგნად'' ითვლება
მოკლე აღწერა
ლიტერატურის კრიტიკოსებს, ისტორიკოსებს და მგზნებარე მკითხველებს ალბათ განსხვავებული აზრი ექნებათ იმის შესახებ, თუ რომელი რომანია ნამდვილად „ოდესმე დაწერილი უდიდესი წიგნი“. აქ მოცემულია 12 რომანის სია, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ოდესმე დაწერილ ყველაზე საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებად ითვლება.
1 - ანა კარენინა
ეს არის წიგნი რომელშიც ნებისმიერი მკითხველი იპოვის თავისთვის მიმზიდველ თემას. მაგალითად როგორიცაა, მრუშობა, აზარტული თამაშები, ქორწინების შეთქმულებები და, რა თქმა უნდა, რუსული ფეოდალიზმი, ეს ყველაფერი „ანა კარენინას“ მყისიერად აყენენს „უდიდესი რომანების“ სიის სათავეში. ზუსტად ეს რეიტინგი მიანიჭა ჟურნალმა Time-მა რომანს 1878 წელს გამოქვეყნების დღიდან. რუსი რომანისტის, ლევ ტოლსტოის მიერ დაწერილი რვანაწილიანი ნაწარმოები ორი მთავარი პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს: ტრაგიკული, იმედგაცრუებული დიასახლისის, ანას, რომელიც ახალგაზრდა საყვარელთან ერთად გარბის და შეყვარებული მიწის მესაკუთრის, კონსტანტინ ლევინის, ისტორიას. ტოლსტოი აერთიანებს რუსულ საზოგადოებაში სიყვარულის, ტკივილისა და ოჯახის შესახებ გააზრებულ დისკუსიებს პერსონაჟების საკმაოდ დიდ შემადგენლობაში, რომლებიც აღიარებულნი არიან თავიანთი რეალისტური ადამიანურობით. რომანი განსაკუთრებით რევოლუციური იყო ქალებისადმი დამოკიდებულებაში, სადაც ნათელი ემოციურობით ასახავს იმდროინდელ ცრურწმენებსა და სოციალურ სირთულეებს.
2 - ნუ მოკლავ ჯაფარას
ჰარპერ ლიმ, რომელიც ოდესმე არსებულთა შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად ითვლება, ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი რომანი გამოაქვეყნა (სანამ მისი საკამათო გაგრძელება 2015 წელს, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არ გამოქვეყნდა). ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ 1960 წელს გამოიცა და დაუყოვნებლივ ლიტერატურის კლასიკად იქცა. რომანი ეხება ამერიკის სამხრეთში რასიზმს რომელსაც ჭკვიანი ახალგაზრდა გოგონას, ჯინ ლუიზ („სკაუტი“) ფინჩის, უმანკო ფართო თვალებით ვხედავთ. მისი ემბლემატური პერსონაჟები, განსაკუთრებით თანამგრძნობი და სამართლიანი ადვოკატი და მამა ატიკუს ფინჩი, მისაბაძი მაგალითები იყვნენ და შეცვალეს მთელი რიგი მიდგომები შეერთებულ შტატებში იმ დროს, როდესაც რასობრივი დაძაბულობა მაღალი იყო. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ 1961 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში, ხოლო 1962 წელს ოსკარის მფლობელი ფილმი გახდა, რამაც ისტორიას და მის პერსონაჟებს დამატებითი სიცოცხლე და გავლენა შესძინა ამერიკულ საზოგადოებაში.
3 - დიდი გეტსბი
ფ. სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“ გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტი მოსწავლეებისთვის ლიტერატურის კრიტიკული კითხვის ხელოვნების გაცნობისთვის ( რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სკოლაში წაგიკითხავთ ). რომანი მოთხრობილია ახალგაზრდა მამაკაცის, სახელად ნიკ კარავეის გადმოსახედიდან, რომელიც ახლახანს გადავიდა ნიუ-იორკში და მეგობრობს თავის ექსცენტრიულ, ახალბედა მეზობელთან, იდუმალი წარმოშობის მქონე ჯეი გეტსბისთან. „დიდი გეტსბი“ გვაძლევს საშუალებას, შიგნიდან შევხედოთ 1920-იანი წლების ჯაზის ეპოქას შეერთებული შტატების ისტორიაში და ამავდროულად აკრიტიკებს „ამერიკული ოცნების“ იდეას. შესაძლოა, რომანის ყველაზე ცნობილი ასპექტი მისი პირველი გამოცემის გარეკანის მხატვრობაა — გამჭოლი სახე, რომელიც ჩანს მუქ ლურჯ ღამის ცაზე და ქალაქის პეიზაჟებიდან აღებული შუქები — გამოსახულება, რომელიც ოდნავ განსხვავებული კონფიგურაციით, თავად ტექსტშიც გვხვდება, როგორც მთავარი სიმბოლო.
4 - მარტოობის ასი წელი
აწ გარდაცვლილმა კოლუმბიელმა მწერალმა გაბრიელ გარსია მარკესმა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „მარტოობის ასი წელი“, 1967 წელს გამოაქვეყნა. რომანი მოგვითხრობს ბუენდიას ოჯახის შვიდი თაობის ისტორიას და ასახავს მათი ქალაქის, მაკონდოს, დაარსებას მის განადგურებამდე, ოჯახის უკანასკნელი შთამომავლების გარდაცვალებამდე. ფანტასტიკური ფორმით, რომანი იკვლევს მაგიური რეალიზმის ჟანრს, ხაზს უსვამს რა ჩვეულებრივი საგნების არაჩვეულებრივ ბუნებას, ხოლო მისტიკური საგნები ჩვეულებრივ მოვლენად არის წარმოდგენილი. მარკესი ხაზს უსვამს მითისა და ხალხური ზღაპრების გავრცელებას და ძალას ისტორიისა და ლათინური ამერიკის კულტურის ურთიერთკავშირში. რომანმა მარკესს მრავალი ჯილდო მოუტანა, რამაც საბოლოოდ 1982 წელს ლიტერატურის ნობელის პრემიის მიღებამდე მიგვიყვანა მისი მთელი შემოქმედებისთვის, რომელთაგან „მარტოობის ასი წელი“ ხშირად მის ყველაზე ტრიუმფალურ ნაწარმოებად ითვლება.
5 - მოგზაურობა ინდოეთში
ე.მ. ფორსტერმა თავისი რომანი „მოგზაურობა ინდოეთში“ ინდოეთში მრავალგზის მოგზაურობის შემდეგ დაწერა. წიგნი 1924 წელს გამოიცა და მოგვითხრობს მუსლიმ ინდოელ ექიმზე, სახელად აზიზზე, მის ურთიერთობაზე ინგლისელ პროფესორთან, სირილ ფილდინგთან და მოწვეულ ინგლისელ მასწავლებელთან, სახელად ადელა კვესტედთან. რომანში მხატვრულადაა აღწერილი გამოგონილი ქალაქის ჩანდრაპორეს მახლობლად მდებარე მარაბარის გამოქვაბულებში მოგზაურობა, ნაწარმოებში მოთხრობილია ინდოელ საზოგადოებასა და კოლონიურ ბრიტანულ საზოგადოებას შორის დაძაბულობის შესახებ და ინგლისელ და ინდოელ ხალხს შორის მეგობრობისა და კავშირის შესაძლებლობაზე, მათი კულტურული განსხვავებებისა და იმპერიული დაძაბულობის მიუხედავად. რომანში ბუნების, ინდოეთის ლანდშაფტის ფერადი აღწერილობა და ტექსტში მინიჭებული ფიგურალური ძალა მას მხატვრული ლიტერატურის შესანიშნავ ნაწარმოებად აქცევს.
6 - უხილავი კაცი
რალფ ელისონის რომანი „უხილავი კაცი“ (1952) ბევრი კრიტიკოსის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლების საუკეთესო რომანად ითვლება.
„უხილავი კაცი“ რევოლუციური რომანია აფროამერიკელი მამაკაცის იდენტობის გამოხატვის შესახებ. რომანის მთხრობელი, კაცი, რომლის სახელიც არასდროს არის მოხსენიებული, რადგან თვლის, რომ ის სხვებისთვის სოციალურად „უხილავია“, სამხრეთიდან კოლეჯში და შემდეგ ნიუ-იორკში გადასვლის ისტორიას ყვება. თითოეულ ადგილას ის უკიდურეს გაჭირვებასა და დისკრიმინაციას აწყდება, უწევს სამსახურის მიტოვება. რომანი ცნობილია თავისი სიურეალისტური და ექსპერიმენტული წერის სტილით, რომელიც იკვლევს აფროამერიკული იდენტობისა და კულტურის გარშემო არსებულ სიმბოლიზმს. „უხილავმა კაცმა“ 1953 წელს აშშ-ის ეროვნული წიგნის პრემია მოიპოვა მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში.
7 - დონ კიხოტი
მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“, შესაძლოა ესპანური ლიტერატურის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ნაწარმოები, პირველად სრულად გამოიცა 1615 წელს. რომანი, რომელიც დღესაც ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებად, მოგვითხრობს კაცის ისტორიას, რომელიც იღებს „დონ კიხოტი დე ლა მანჩა“-ს გვარს და იწყებს რაინდულ რომანტიკულ აკვიატებას, რათა აღადგინოს ჩვეულება და თავად გახდეს გმირი. დონ კიხოტის პერსონაჟი კერპად და ერთგვარად არქეტიპულ პერსონაჟად იქცა, რამაც გავლენა მოახდინა ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის მრავალ მნიშვნელოვან ნაწარმოებზე რომანის გამოცემის შემდეგ. ტექსტს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ დონ კიხოტის პერსონაჟის მიხედვით შექმნილი სიტყვა „კიხოტური“ შეიქმნა იმ ადამიანის აღსაწერად, რომელიც „სულელურად არაპრაქტიკულია, განსაკუთრებით იდეალებისკენ სწრაფვისას; განსაკუთრებით: ხასიათდება უგუნური, ამპარტავანი რომანტიკული იდეებით ან ექსტრავაგანტულად რაინდული ქმედებებით“.
8 - საყვარელი
ტონი მორისონის 1987 წელს გამოცემული შემაძრწუნებლად სულისშემძვრელი რომანი „საყვარელი“ მოგვითხრობს გაქცეული მონის, სახელად სეთის, ისტორიას, რომელიც 1873 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში გაიქცა. რომანი იკვლევს მონობის ტრავმას თავისუფლების მოპოვების შემდეგაც კი, ასახავს სეთის დანაშაულის გრძნობას და ემოციურ ტკივილს საკუთარი შვილის მკვლელობის შემდეგ, რომელსაც მან საყვარელი დაარქვა, რათა მისი მონად ცხოვრება შეეწყვიტა. პერსონაჟების ცხოვრებაში ჩნდება სპექტრული ფიგურა, რომელსაც ბავშვის სახელი აქვს, რომელიც განასახიერებს ოჯახის ტანჯვასა და გაჭირვებას და მათ გრძნობებსა და წარსულის მიმართ დანაშაულის გრძნობას გარდაუვალს ხდის. „საყვარელს“ 1988 წელს მხატვრული ლიტერატურის დარგში პულიცერის პრემია მიენიჭა.
9 - ქალბატონი დალოუეი
შესაძლოა, ამ სიის ყველაზე თავისებური რომანი, ვირჯინია ვულფის „ქალბატონი დალოუეი“ ზუსტად აღწერს ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე კლარისა დალოუეის ცხოვრების ერთ დღეს. მესამე პირის თხრობისა და სხვადასხვა პერსონაჟის აზრების კომბინაციის გამოყენებით, რომანი მთელი ნაწარმოების განმავლობაში იყენებს ცნობიერების ნაკადის სტილს. ამ სტილის შედეგია პერსონაჟების გონებაში ღრმად პირადი და გამჟღავნებელი ხედვა, სადაც რომანი თავისი ისტორიის მოსაყოლად დიდწილად პერსონაჟებზეა დამოკიდებული და არა სიუჟეტზე. პერსონაჟების აზრები მოიცავს მუდმივ სინანულს და წარსულის ფიქრებს, მათ ბრძოლას ფსიქიკურ დაავადებასთან და პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ტრავმულ სტრესთან, ასევე სოციალური ზეწოლის ეფექტს. რომანის უნიკალური სტილი, სიუჟეტი და დროის გარემო მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ და დაფასებულ ნაწარმოებად აქცევს.
10 - ყველაფერი ინგრევა
„დიდი ლიტერატურის“ დასავლური კანონი ხშირად ფოკუსირებულია ჩრდილოეთ ამერიკიდან ან ევროპიდან ჩამოსულ მწერლებზე და ხშირად უგულებელყოფს მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან ჩამოსულ წარმატებულ მწერლებსა და საოცარ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ინგრევა“, 1958 წელს გამოცემული, ნიგერიული ლიტერატურის ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოებია, რომელმაც ზოგიერთი ლიტერატურული წრეების მიკერძოების გადალახვა მოახდინა და ამის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით აღიარების მოპოვება შეძლო. რომანი მოგვითხრობს იგბოს ტომის მკვიდრზე, სახელად ოკონკვოზე, რომელიც აღწერს მის ოჯახს, ნიგერიის სოფელს, სადაც ის ცხოვრობს და ბრიტანული კოლონიალიზმის გავლენას მის მშობლიურ ქვეყანაზე. რომანი აფრიკული პოსტკოლონიური ლიტერატურის ნიმუშია, ჟანრი, რომელიც 1900-იანი წლების შუა პერიოდიდან გაიზარდა, რადგან აფრიკელებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ იმპერიალიზმის შესახებ ხშირად უცნობი ისტორიები კოლონიზებული მოსახლეობის პერსპექტივიდან. რომანი ხშირად იკითხება მსოფლიო ლიტერატურისა და აფრიკის კვლევების კურსებზე.
11 - ჯეინ ეარი
შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“, კიდევ ერთი რომანი, რომელიც ხშირად სკოლაში წასაკითხად იყო განკუთვნილი, თავდაპირველად 1847 წელს გამოიცა ფსევდონიმით „კურერ ბელი“, რათა დაეფარა ის ფაქტი, რომ მწერალი ქალი იყო. საბედნიეროდ, 1847 წლიდან ლიტერატურაში ბევრი რამ შეიცვალა და ბრონტე ახლა ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. ჯეინ ეარი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური რომანია რომელიც ქალთა შესახებ არის დაწერილი. იმ დროს, როდესაც ავტორი თავს იძულებულად გრძნობდა თავისი ნამდვილი ვინაობის დაემალა, „ჯეინ ეარმა“ ქალებისთვის ინდივიდუალიზმის ისტორია მოგვითხრო. რომანის ამავე სახელწოდების პერსონაჟი ობოლი და ღარიბი ადამიანიდან წარმატებულ და დამოუკიდებელ ქალად იქცევა. ნაწარმოები აერთიანებს როგორც გოთური, ასევე ვიქტორიანული ლიტერატურის თემებს, რევოლუციას ახდენს რომანის ხელოვნებაში, ფოკუსირდება ჯეინის მგრძნობელობის ზრდაზე შინაგანი მოქმედებითა და წერით.
12 - იისფერი
მიუხედავად იმისა, რომ ეპისტოლარული რომანი (რომანი, რომელიც ერთი ან მეტი პერსონაჟის მიერ დაწერილი წერილების სახითაა წარმოდგენილი) ყველაზე პოპულარული მე-19 საუკუნემდე იყო, ალის უოკერი ამ სტილის ჩემპიონი გახდა თავისი 1982 წლის რომანით „იისფერი“, რომელმაც პულიცერის პრემია და ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა. მოქმედება ვითარდება სამოქალაქო ომის შემდგომ ამერიკის სამხრეთში და მოგვითხრობს ახალგაზრდა აფროამერიკელი გოგონას, სახელად სელის, ზრდასრულ ასაკში შესვლის შესახებ, რომელიც ღმერთს და თავის დას, ნეტის წერილებს წერს. სელი მამამისის და საბოლოოდ ქმრის მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდის, აღწერს საკუთარ ტანჯვას და ზრდას, ასევე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. რომანი იკვლევს სექსიზმის, რასიზმის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და შეზღუდული შესაძლებლობების თემებს დაუცველი და დაზიანებული პერსონაჟების დაჯგუფების გზით, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდებიან და საკუთარ ცხოვრებას ქმნიან. ამ ამბის მიხედვით 1985 წელს გადაიღეს ოსკარის ნომინანტი ფილმი, რომელიც კრიტიკოსების ფართო აღიარების მიუხედავად, საყოველთაოდ იქნა უარყოფილი ყველა 11 ჯილდოზე, რომელზეც იყო ნომინირებული.
-
შეიძლება ეს ჩამონათვალი მეტნაკლებად სუბიექტური იყოს თქვენი გადმოსახედიდან, ასე რომ კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი :)
0